ძველ დროში მკურნალი ექიმის პროფესიული საქმიანობა გულისხმობდა ადამიანის ერთ მთლიანობად მოაზრებას და პაციენტის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღებას. დროთა განმავლობაში მედიცინაში ტექნოლოგიებისა და ვიწრო სპეციალობების განვითარებამ საექიმო საქმიანობის ფრაგმენტაცია გამოიწვია, რამაც უკანა პლანზე გადასწია ადამიანის მთლიანობის აღქმა და მკურნალობის პროცესში მისი პიროვნულობის ფაქტორის გათვალისწინება. ფოკუსირება მოხდა დაავადებაზე და არა ადამიანზე, რამაც, ბუნებრივია, გამოიწვია პაციენტთა უკმაყოფილების ზრდა. ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებით.
„თერაპიის სახლის“ ოჯახის ექიმები არიან ლიცენზირებული, უმაღლესი სამედიცინო განათლების და რეზიდენტურის სპეციალური კურსის გავლის შემდეგ გერმანიასა და შვეიცარიაში კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ, პირველად და უწყეტ სამედიცინო მეთვალყურეობას და დახმარებას პიროვნებისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა და დაავადებისა. ესაა ფუნქციათა უნიკალური სინთეზი, ჰოლისტიკური მიდგომა, პაციენტის ფიზიკური, პიროვნული, ფსიქოლოგიური, ოჯახური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მკურნალობის პროცესში სხვა კოლეგა-სპეციალისტების ჩართვა, პაციენტზე მუდმივი მეთვალყურეობა როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ან ტერმინალური დაავადებების დროს.
პაციენტთან ხანგრძლივი კონტაქტი, როგორც პირველი ვიზიტის, ისე განმეორებითი შეხვედრების დროს, უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, როგორც პაციენტის, ისე მისი ოჯახის შესახებ. ეს შესაძლებელს ხდის პრობლემების რეალური მიზეზების წვდომას და, საჭიროებისამებრ, საოჯახო თერაპიის ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს პაციენტის, მისი ოჯახის წევრების და ოჯახის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.